საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის კვოტით პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი გახდა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავის ყოფილა.
„წარმატებები მინდა გისურვოთ, ბატონო ლევან, თქვენი ქვეყნის სამსახურში“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კენჭისყრის შედეგებს.
ლევან იოსელიანი ოპოზიციის კვოტით წარდგენილი მეორე ვიცე-სპიკერია. ამ პოსტზე "„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით პარლამენტში შესულ ავთანდილ ენუქიძეს, რომელიც ამჟამად "ევროპელ სოციალისტებს" წარმოადგენს, პარლამენტმა კენჭი 2 თებერვალს უყარა და 82 ხმით დაამტკიცა.
28 იანვარს, პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი ცვლილებას, რომლის თანახმად, მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ, უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს.
რეგლამენტით დადგენილი წესით, რომელიც მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტზე არ ვრცელდება, პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე აირჩევა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ 2 ფრაქციის წარდგინებით, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. თავად ფრაქციის შექმნის უფლება აქვს 7 დეპუტატს.
3-თვიანი ბოიკოტის შემდეგ პარტია „მოქალაქეების" ლიდერებმა ალექსანდრე ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა „ქართულ ოცნებასთან" 29 იანვარს გააფორმეს მემორანდუმი და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში ისინი საგაზაფხულო სესიის გახსნიდან, 2 თებერვლიდან შეუდგნენ.
...