ამირან გამყრელიძის თქმით, თუ მოქალაქეები წესებს დაიცავენ, მესამე ტალღა აღარ იქნება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ რეგულაციების დაცვის შემთხვევაში საქართველოში კორონაავირუსის გავრცელების მესამე ტალღა არ იქნება.
„მეორე ტალღის პიკი ჩვენ გავიარეთ ნოემბერ-დეკემბერში, დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 3,87 პროცენტის ფარგლებში, ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა 25-30 პროცენტი, ანუ 5-ჯერ არის შემცირებული, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ იმ პროგრესს, რაც გვაქვს. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს და 95 პროცენტამდე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, მაშინ აღარ გვექნება მესამე ტალღა. მობილობა გაიზრდება სერიოზულად, ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს გადავსებული ავტობუსები, სჯობს, გარკვეული პერიოდი დაველოდოთ მეორე ავტობუსს, ვიდრე ავიდეთ“, – გამყრელიძის კომენტარს „პირველი არხი“ აქვეყნებს.
მთავრობამ შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. ის ძალაში შევა ეტაპობრივად, 8 და 15 თებერვალს.
8 თებერვლიდან მთელ საქართველოში ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა. 8 თებერვლიდანვე გაიხსნება ბაზრობები.
15 თებერვლიდან სრულიად საქართველოში, ყველა სკოლაში სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში. ამ დროიდან რესტორნები ღია სივრცეებში სტუმრების გამასპინძლებას შეძლებენ.
კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე შენარჩუნდება.
...