განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციისა და ორ უწყებად ჩამოყალიბების პარალელურად, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტიც, რომლის თავმჯდომარე იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანია, ასევე ორ ნაწილად გაიყოფა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, არსებულ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს, გამოეყოფა კულტურის სფერო და ცალკე, „კულტურის კომიტეტად“ ჩამოყალიბდება.
ცვლილებების პროექტის ავტორია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ხოლო ინიციატორი - თავად ფრაქცია.
„კულტურის, როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი სფეროს, წარმომადგენელთა ინტერესების მეტად წარმოჩენის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის ხელშესაწყობად, ამასთანავე, იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტმა კიდევ უფრო წარმატებით შეძლოს თავისი ფუნქციის შესრულება, როგორც პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის, ასევე კონტროლისა და ზედამხედველობის კუთხით, მიზანშეწონილია ცალკე გამოიყოს კულტურის კომიტეტი“, - განმარტავს პროექტის ავტორი.
საქართველოს პარლამენტში სულ 15 კომიტეტი ფუნქციონირებს.
...