მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს, 8 თებერვალს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით
დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.
მთელი საქართველოს მასშტაბით ღია და დახურულმა ბაზრობებმა მუშაობა
განაახლეს. ასევე ყველა დიდ ქალაქში ამუშავდა მუნიციპალური
ტრანსპორტი.
შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხება დასვენების დღეებს. ბაზრობები და
მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმუშავებენ.
ბაზრობებზე სავალდებულოა მომხმარებელთა თერმოსკრინინგი, ხელების
დამუშავება, პირბადის ტარება. ასევე ყოველდღიურად უნდა ჩატარდეს
სადეზინფექციო სამუშაოები. ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩატარდეს
თანამშრომელთა მინიმუმ 20 პროცენტის ტესტირება.
რეგულაციების დაცვა მოუწევთ მგზავრებს მუნიციპალურ ტრანსპორტშიც,
სადაც ასევე ყოველდღიურად უნდა ჩატარდეს დეზინფექცია.
კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ღამის ცხრა საათიდან დილის ხუთ საათამდე
გადაადგილებაზე. სასწავლო პროცესი შენობებში ჯერ არ განუახლებიათ
უმაღლეს სასწავლებლებს, დაკეტილია საბავშვო ბაღებიც.
15 თებერვლიდან მუშაობის უფლება ეძლევათ მხოლოდ ღია სივრცის მქონე
კვების ობიექტებს.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა
მუნიციპალიტეტების ნაწილში, მათ შორის ზუგდიდში 1 თებერვალს განაახლა. შეზღუდვა ძალაში რჩებოდა
მხოლოდ თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების
გათვალისწინებით, დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება
მთავრობამ 22 იანვარს მიიღო....