ვაშინგტონი და თეირანი ერთმანეთისგან მოელიან დათმობას ბირთვული პროგრამის გარშემო შეთანხმების საკითხში
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ისევ ღრმა დაპირისპირების საგნად რჩება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მიღწეული საერთაშორისო შეთანხმება, რომლის კვლავ ასამოქმედებლად მხარეები ერთმანეთისგან მოითხოვენ პირველი ნაბიჯის გადადგმას. კერძოდ, თეირანი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას მოუწოდებს, რომ დაბრუნდეს საერთაშორისო შეთანხმებაში და გააუქმოს 2018 წელს ირანის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციები.
ამის პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ არ აპირებს სანქციების გაუქმებას მანამ, ვიდრე ჯერ ირანი არ დაიწყებს 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ტელეკომპანია „სი-ბი-ეს“-ის შეკითხვაზე, გააუქმებდა თუ არა სანქციებს, რათა სანაცვლოდ თეირანი მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, მოკლედ მიუგო - „არა“. შემდეგ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია, როდესაც წამყვანი შეეკითხა, უნდა შეწყვიტოს თუ არა ჯერ ირანმა ურანის დასაშვებ დონესთან შეუსაბამო გამდიდრების სამუშაოები, რასაც საერთაშორისო შეთანხმება ითვალისწინებს.
7 თებერვალს ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ აშშ-მა უნდა გააუქმოს ირანის მიმართ დაწესებული სანქციები და დაუბრუნდეს დასავლეთის სახელმწიფოებისა და ირანის ბირთვულ შეთანხმებას.
„თუ მათ სურთ, რომ ირანი დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს, მაშინ აშშ-მა ნამდვილად უნდა გააუქმოს ყველა სანქცია, შემდეგ ჩვენ ჩავატარებთ შემოწმებას და თუ დავრწმუნდებით, რომ სანქციები სწორად არის გაუქმებული, დავუბრუნდებით ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ შაბათს, სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებულ მიმართვაში.
ეს არის ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერის პირველი საჯარო გამოსვლა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ. მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ვაშინგტონს, დაბრუნდეს 2015 წელს ხელმოწერილ საერთაშორისო შეთანხმებაში, რომელიც აშშ-მა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით 2018 წელს დატოვა და ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა თეირანს.
პასუხად ირანმა განაცხადა, რომ აღარ აწევს ვალდებულების ტვირთი და თანდათანობით დაიწყო შეთანხმების პირობების დარღვევა.
...