ევროსასამართლო რუსეთს ავალდებულებს, ადვოკატები დაუშვას გატაცებულ ორ ჩეჩენთან
ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა ვალდებულება, მედიკოსები, ადვოკატები და ნათესავები დაუშვას ჩეჩნური წარმოშობის 17 წლის სალეჰ მაგამედოვსა და ისმაილ ისაევთან, რომლებიც თებერვალში გაიტაცეს ნიჟნი ნოვგოროდიდან და ჩეჩნეთის ქალაქ გუდერმესში ჩაიყვანეს. ამის შესახებ „რუსეთის ლგბტ ქსელის“ აქტივისტები იტყობინებიან.
2020 წლის ივლისში ორგანიზაცია დაკავებულებს ნიჟნი ნოვგოროდში გადასვლაში დაეხმარა. მოზარდები რუსეთის დატოვებას აპირებდნენ, მაგრამ ვერ მოასწრეს.
ევროსასამართლო ეთანხმება მაგამედოვისა და ისაევის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. უფლებადამცველთა თქმით, მაგამედოვისა და ისაევის დაკავების მომენტიდან ადვოკატებს არ აძლევენ მათთან შეხვედრის უფლებას. ადვოკატებისთვის არ აუხსნიათ დაკავების მიზეზი და არ წარუდგენიათ საქმესთან დაკავშირებული მასალები.
ურუს-მარტანის რაიონის დროებითი იზოლატორის თანამშრომელმა ზეპირი სახით განაცხადა, რომ დაკავებულები ამ დაწესებულებაში იმყოფებიან, იტყობინება „მედიაზონა“.
ჩეჩნეთის ხელისუფლება მაგამედოვსა და ისაევს ტერორისტების დახმარებაში ადანაშაულებს. მილიციამ ადვოკატს გადასცა წერილი, რომელშიც თითქოს ნათქვამია, რომ დაკავებულები სისხლის სამართლის დანაშაულში დამნაშავედ ცნობენ თავს.
უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ 17 წლის ჩეჩნებს დანაშაულის თაობაზე, თუკი ასეთი საერთოდ არსებობს, აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად დააწერინეს.
...