ერთჯერადად მანდატის გამოყენება მაშინ, როდესაც არჩევნების გაყალბებაზეა საუბარი, არ არის მართებული
შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში ერთჯერადად, ერთი კენჭისყრისთვის – ეს საკითხი ისევ პოლიტიკური დისკუსიის თემაა.
“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძისთვის გაუგებარია კოლეგების მხრიდან მისი კრიტიკა. ის კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუ “ქართული ოცნება” ნულოვან ბარიერს დათანხმდება, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ოპოზიციამ მხოლოდ ამ კენჭისყრაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.
რესპუბლიკელების პოზიცია მისაღებია “გირჩისთვის”.
“არც ველოდი სხვანაირად, რომ “რესპუბლიკური პარტია” შეთავაზებაზე, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, თუ ის რეალური გახდებოდა პარლამენტში, არ შემოსულიყო. სამწუხაროდ, ეს ჯერჯერობით არ დევს მოლაპარაკების მაგიდაზე. მთავარია ხელისუფლების ნება, ახლა პოლიტიკური კრიზისია და ამის განმუხტვის ერთადერთ გზად მე ეს მეჩვენება. მმართველ გუნდში ისევე, როგორც ადრე, ახლაც ვერ გაუგეს ბატონ ბიძინას მისი დანაპირებ და მნიშვნელობა,”- განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ.
“ევროპული საქართველოს” წევრი არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ საკითხზე დისკუსია უნდა გაიხსნას.
”მე მომხრე ვარ, საზოგადოდ მსჯელობისა ყველა იმ საკითხზე, რომელიც თანმიმდევრულად ხელს შეუწყობს ამ მახინჯი პოლიტიკური სისტემის დემონტაჟს. მსჯელობა ნიშნავს იმას, რომ უნდა შევიკრიბოთ ოპოზიციურ ფორმატში და განვიხილოთ, მეორე, ეს ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ჩავთვალოთ რომ თუ რესპუბლიკელები ამ ინიციატივით გამოდიან ისინი ქვეყანას აქცევენ, მესამე, მე მგონია უმთავრესი საკითხი პარლამენტში არშესვლა და ხელახალი არჩევნები, დღის წესრიგში უალტერნატივოდ დგას,”- აცხადებს ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი არმაზ ახვლედიანი.
განსხვავებულად ფიქრობენ “ნაციონალურ მოძრაობაში” და “რესპუბლიკური პარტიის” ინიციატივას, არამართებულს უწოდებენ.
“ერთჯერადად მანდატის გამოყენება მაშინ, როდესაც არჩევნების გაყალბებაზეა საუბარი, არ არის მართებული. არ უნდა დავხურადვდეთ პოლიტიკური პარტიები და უნდა ვაიძულოთ “ქართული ოცნება”, რომ ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. შემდეგ კი, განვიხილოთ უკვე სხვა საკითხები,” – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი....