ნავალნის მომხრეები მისადმი მხარდაჭერას ახალი ტაქტიკით, შუქით გამოხატავენ
რუსი ოპოზიციონერის, პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები პროტესტის გამოხატვისთვის ახალ ტაქტიკას მიმართავენ და 14 თებერვალს მას მობილური ტელეფონების, სანათების და სანთლების შუქით გამოუცხადებენ მხარდაჭერას, მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ აქციაში მონაწილეები შესაძლოა სისხლისსამართლებრივად დაისაჯონ.
ნავალნის გუნდმა რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე მობილურ ტელეფონებზე სანათები 15 წუთით ჩართონ და სხივი ცისკენ გაუშვან. ნავალნის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა მათ ასევე შეუძლიათ ანთებული სანთლების გულის კონტურით განლაგებით.
ვალენტინობის დღეს დაგეგმილი აქციის ლოზუნგია "სიყვარული შიშზე ძლიერია", და ის იმართება ბოლო აქციებზე უსაფრთხოების ძალების მიერ გამოვლენილი "ძალადობის და რეპრესიების უპრეცედენტო ტალღის" წინააღმდეგ, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
მშვიდობიანი აქციის მიზანია, პოლიციას გაურთულოს მოქმედება, თუმცა კრემლმა უკვე გამოავლინა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ღონისძიების მიმართ. რუსეთის მედიის ფედერალურმა მარეგულირებელმა ორგანომ 12 თებერვალს მედიასაშუალებებს უბრძანა, წაშალონ ყველა ცნობა, რომლებიც ამ საპროტესტო აქციას ეხება. ტომსკში ნავალნის გუნდის თქმით, ისინი გააფრთხილეს, რომ უსანქციო საპროტესტო აქციის მოწყობის გამო შეიძლება დაისაჯონ.
...