შს მინისტრი 14 წლის გოგოს თვითმკვლელობაზე: „რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მისმა უწყებამ ყველაფერი გააკეთა, რაც ევალებოდა 14 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეში.
„ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება, შესაძლებლობა, რომ ჩაგვეტარებინა საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები, დაკითხვები და ა.შ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც გვევალებოდა“, - თქვა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ „თუ ვინმეს აქვს რამე პრეტენზია ან კითხვა, ეს იქნება ოჯახი თუ სხვა ადამიანი, შეუძლია შეიტანონ საჩივარი და ნახონ, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა“.
10 თებერვალს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგოს გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. იმავე ღამით, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პოლიციამ ბავშვის გარდაცვალების შესახებ გაიგო, დააკავეს 23 წლის კაცი, რომელსაც ბრალი ედება არასრულწლოვან გოგოსთან სექსუალურ კავშირში. პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა და აღკვეთის ღონისძიებისთვის სასამართლოს მიმართა. სასამართლომ კი 14 თებერვალს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მიუსაჯა.
ამ საქმეში შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტიანი რეაგირების მიმართულებით თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს სახალხო დამცველი შეისწავლის.
...