რუსეთში სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს პოლიტიკის მკვლევარი
მოსკოვში სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს პოლიტიკის მკვლევარი.
მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონის სასამართლომ 20 თებერვალს გამოაცხადა, რომ დემური ვორონინი წინასწარ პატიმრობაში სულ მცირე 13 აპრილამდე დარჩება.
მედიაში გავრცელდა იმ პირების სიტყვები, რომლებიც გამოძიების საქმეს იცნობენ - რომ ვორონინი ეჭვმიტანილია საიდუმლო მასალების გადაცემაში დასავლეთის ერთ-ერთი სადაზვერვო სააგენტოსთვის. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ვორონინს 20 წლამდე პატიმრობა და 500,000 რუბლამდე ($6,759) ჯარიმა ელის.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ვორონინის დაპატიმრების შესახებ ჯერჯერობით არ გაუკეთებია განცხადება.
ბოლო წლებში რუსეთში გახშირდა დაპატიმრების შემთხვევები სამშობლოს ღალატის ბრალდებით. ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა ეხება ივან საფრონოვს, ჟურნალისტს და რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, როსკოსმოსის ხელმძღვანელის, დმიტრი როგოზინის თანაშემწეს. საფრონოვი 7 ივლისს დააპატიმრეს და შემდეგ ბრალად წაუყენეს საიდუმლო ინფორმაციის ჩეხეთის რესპუბლიკისთვის გადაცემა. საფრონოვის ადვოკატმა, ივან პავლოვმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ ვორონინის დაპატიმრება არ უკავშირდება მისი კლიენტის საქმეს.
...