ქაბულში პოლიციაზე თავდასხმას ემსხვერპლნენ მძღოლი და ბავშვი
ქაბულში პოლიციის მანქანაზე თავდასხმას სულ მცირე ორი ადამიანი შეეწირა, დაიჭრა ხუთი. პოლიციის განცხადებით, აფეთქება მოხდა ბარაქის მოედანთან ახლოს, ხალხმრავალ ადგილას, დღის 4:30 საათზე. დაღუპულები არიან პოლიციის მანქანის მძღოლი და ბავშვი, რომელიც იქვე იდგა. დაჭრილებს შორის არიან ქალები და ბავშვები.
ჯერჯერობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. მთავრობა მსგავსი თავდასხმების გახშირებაში ფუნდამენტალისტური თალიბანის გასამხედროებულ დაჯგუფებებს სდებს ბრალს. ქვეყანაში იზრდება იმედგაცრუება ავღანეთის შიდა მოლაპარაკების მიმართ, რომელმაც ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ომი უნდა დაასრულოს.
ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებამ, რომელიც დოჰაში იმართება ზაფხულის შუა პერიოდიდან, მცირედი პროგრესი მოიტანა. 18 თებერვალს, თავდაცვის მინისტრების ინტერნეტით გამართულ შეხვედრაზე ნატომ გადადო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, თუ როდის, ან საერთოდ თუ უნდა გამოვიდნენ ავღანეთიდან საერთაშორისო სამხედროები.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს აშშ-თალიბანის შეთანხმებას იმის დასადგენად, რამდენად ასრულებს ექსტრემისტული ჯგუფი ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის ავღანეთის მთავრობასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას და არსობრივი მოლაპარაკების გამართვას. ამ შეთანხმებით, ავღანეთი საერთაშორისო ძალებმა მაისამდე უნდა დატოვონ, თალიბანის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების, მათ შორის ალ-ყაიდასთან კავშირის გაწყვეტის სანაცვლოდ.
...