საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს“ ნიკა მელიას კიდევ ერთხელ უწოდა კრიმინალი და მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციას.
„დღეს ჩვენ გავხდით მომსწრენი იმისა, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვყავს ძლიერი პოლიცია, გვყავს ძალიან ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი. მე მინდა საჯაროდ, ბატონ გომელაურს გადავუხადო მადლობა ჩვენი მთავრობის სახელით და მთელს პოლიციას მინდა გადავუხადო გულწრფელი მადლობა იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობა და კიდევ ერთხელ ყველას შევახსენებთ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო“, - უთხრა მედიას ღარიბაშვილმა პარლამენტის შენობასთან, სადაც პატივი მიაგო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, დღეს გმირმა პოლიციამ აჩვენა ცივილიზებული ქვეყნების, ევროპული და ამერიკული დემოკრატიების შეაბამისი უმაღლესი სტანდარტი.
ირაკლი ღარიბაშვილმა, ისევე როგორც გუშინ, 22 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლისას, ნიკა მელიას დღესაც კრიმინალი უწოდა: „ბატონი მელია გასამართლებული იყო ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე. ეს მეორე საქმე, რისთვისაც პოლიციამ დღეს დილით მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა, უკავშირდება სწორედ ამ შენობის შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან და მისმა თანაორგანიზატორებმა დაგეგმეს და ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების გამოცდა გადაწყვიტეს“.
პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი მდგომარეობის თუ პოლიტიკური კუთვნილებისა, ვალდებულია, დაემორჩილოს კანონის აღსრულებას.
ირაკლი ღარიბაშვილმა პასუხი არ გასცა მედიის შეკითხვას, რით უპასუხებს საქართველოს მთავრობა საერთაშორისო კრიტიკას და როგორ აუხსნის, რომ ნიკა მელია არ არის პოლიტპატიმარი.
დღეს დილით, საპოლიციო ძალებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დააკავეს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. შენობაში მყოფთა დასაშლელად ე.წ. წიწაკის გაზი გამოიყენეს. მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 21 პირი. სამედიცინო დახმარება დასჭირდა 17-ს.
შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.
ასევე ნახეთ
ნიკა მელია პარტიის ოფისში საპოლიციო ძალების შესვლას რეჟიმის დასასრულს უწოდებს
საპოლიციო ძალები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.
ასევე ნახეთ
ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელიაზე საუბრისას: კანონი უნდა აღსრ...