ადვოკატი: ახლა ნიკა მელია არის ისეთი თავისუფალი, როგორც არასდროს
ცოტა ხნის წინ ნიკა მელია მისმა ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ, გიორგი კონდახიშვილმა და დიმიტრი საძაგლიშვილმა მოინახულეს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. მისი თქმით, ნიკა მელია ახლა ისეთი თავისუფალია, როგორც არასდროს:
„ნიკა ეხლა არის ისეთი თავისუფალი, როგორც არასდროს, ისეთი მხნე, როგორც არასდროს, ისეთი ლაღი, როგორც არასდროს და გესალმებათ ყველას და მადლობას გიხდით იმ სიმშვიდისთვის და შეუპოვრობისთვის, რაც აჩვენეთ დღეს, რაც აჩვენეთ ამ დღეებში. და ის არის დარწმუნებული, რომ გადამწყვეტი ბრძოლა არის ახლოს და ეს ბრძოლა იქნება გამარჯვებით დაგვირგვინებული“, - განაცხადა აქციაზე ბექა ბასილაიამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განათავსეს.
ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია დანიშნა კანცელარიასთან დღის 3 საათზე. ამ დროისათვის აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს.
...